გახსოვს, როდის გიყიდეს პირველი ტელეფონი? პირველი კომპიუტერი? ცოტა უფრო შორსაც წავიდეთ: გახსოვს ის სიხარული, რომელიც ტელევიზორთან "შენი დროის" მოსვლას ახლდა თან? კარგი, ახლა, მოდი, ის გაიხსენე, როგორი იყო ცხოვრება პირველი ტელეფონის ან კომპიუტერის გამოჩენამდე. ბევრი არაფერი ჩანს მოგონებებში, არა?
ასეა: ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობაში ცუნამივით იჭრება, ერთიანად იპყრობს მის ყველა ასპექტს, მერე კი, რაც უნდა უცნაური იყოს, გვავიწყებს, როგორი იყო მათ გამოჩენამდე ცხოვრება. ან, სულ მცირე, გვაფიქრებინებს, რომ მანამდე ყველაფერი უფერული და უსაშველოდ მოსაწყენი გახლდათ. ამიტომ, ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსი, ართურ კლარკი, ინოვაციურ ტექნოლოგიებს მაგიას, ჯადოქრობას ადარებდა.
სამეცნიერო ფანტასტიკა შემთხვევით როდი ვახსენეთ: კაცობრიობის მიღწევების დიდი ნაწილი თავდაპირველად სწორედ ფანტასტი ავტორების გამოგონილ რეალობებში დაიბადა. წყალქვეშა ნავის წინაპარი რომ ჟიურ ვერნმა გამოიგონა, სიტყვა "რობოტი" კი კარელ ჩაპეკის მოფიქრებულია, ეგ ფაქტები ალბათ ისედაც იცი. მაგრამ ქართველი საი-ფაი მწერლების ბრწყინვალე გამოგონებების შესახებ თუ გსმენია? რომ, მაგალითად, "სკაიპამდე" ვიდეოზარით საუბარი ალექსანდრე აბაშელის 1930 წლის რომანში, "ქალი სარკეში", შედგა? ან ის, რომ აბაშელის წიგნის გამოცემიდან ხუთი წლის შემდეგ ივანე ყიფიანმა ჰოლოგრამული ტექნოლოგიის ნიმუში შექმნა?
საი-ფაი ტექსტებში ნაწინასწარმეტყველები ბევრი ტექნოლოგია ჯერ კიდევ ელოდება რეალობად ქცევას, თუმცა, ფაქტია, რომ ის, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ ფანტასტიკის სფერო იყო, ჩვენი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. და თუკი მაინც სკეპტიკურად ხარ განწყობილი ტექნოლოგიური ცვლილებებისადმი, გაიხსენე, ბოლოს როდის დაგუგლე რაღაც ChatGPT-ისთვის კითხვის ნაცვლად?
"ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ", — ეს გაცვეთილი ფრაზა უთუოდ ბევრჯერ შეგხვდებოდა სხვადასხვა კონტექსტში, მაგრამ მისი ოდნავ სახეცვლილი და რეალობასთან უფრო დაახლოებული ვერსია ასე ჟღერს: "ჩვენ ტექნოლოგიებში ვცხოვრობთ".
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაგვეთანხმები, რომ ინოვაციური ტექნოლოგია — იქნება ეს სმარტფონი, ლეპტოპი თუ სულაც სმარტსაათი — უბრალოდ, საყოველდღიურო მოხმარების ნივთი კი არა, თვითგამოხატვის საშუალებაცაა. ტექნოლოგიები საკუთარი პოტენციალის გამოვლენის ერთ-ერთი გზაცაა და თუ ამის მაინც არ გჯერა, ეს ბლოგი, პირველ რიგში, სწორედ შენთვის შექმნილა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ F5-ს — "ალტას" ბლოგს, რომელიც შენი შეუცვლელი მეგზური გახდება ტექნოლოგიების სამყაროში!

No comments:
Post a Comment